გამომცდელი მოძრაობის დაწყებამდე გისვამთ 2 კითხვას/დავალებას. აქ ყველა ოფიციალური კითხვა და პასუხია კატეგორიების მიხედვით — ვიდეოს გარეშე.
ფორმატი: გამომცდელი გისვამთ 2 დავალებას/კითხვას მოძრაობის დაწყებამდე. პასუხის გაცემა შეგიძლიათ ზეპირად ან ვიზუალურად ჩვენებით.
შეცდომა: დავალების ვერშესრულება ან არასწორი პასუხი ითვლება მსუბუქ შეცდომად.
13 კითხვა
განმარტოს უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს
დატვირთვა თანაბრად უნდა იყოს განაწილებული სატრანსპორტო საშუალების მთელ სიგრძეზე, ისე, რომ გავლენა არ იქონიოს სატრანსპორტო საშუალების ეფექტურ მართვაზე. ნებისმიერი ტვირთი ისე უნდა იქნეს გადაზიდული, რომ საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ტვირთი უსაფრთხოდ უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს სატრანსპორტო საშუალებიდან მოხვევის ან დამუხრუჭების დროს;
განმარტოს, როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა
უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა შუქამრეკლი დაყენებულია, სუფთაა და ფუნქციონირებს (არ არის გაბზარული ან გატეხილი);
განმარტოს, როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთების) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე
საშხეფარების (ფრთების) გამართულობა მოწმდება ვიზუალურად, ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში;
განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა
მინამრეცხი უნდა მუშაობდეს და მისი ჯაგრისები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში;
განმარტოს, როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა
ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა დარწმუნდეს, რომ ძარა ვარგისია ექსპლუატაციისათვის და არ აქვს მნიშვნელოვანი დეფექტები. ძარაზე არ უნდა იყოს დაუმაგრებელი ისეთი ნაწილი ან მოწყობილობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს;
განმარტოს, როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი
ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მოშვებული ხომ არ არის თვლების რომელიმე ქანჩი და დარწმუნდეს, რომ თვლების ქანჩების ინდიკატორები (არსებობის შემთხვევაში) არის სათანადო მდგომარეობაში;
განმარტოს, როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა
ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა შემოწმდეს დაკიდების სისტემა, გაცვეთის აშკარა ნიშნების ან დაზიანების არარსებობაზე;
განმარტოს, როგორ გამოიყენებს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს (სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მაგ.: პანდუსი შშმ პირებისათვის ან ტვირთის ასაწევად)
მძღოლობის კანდიდატმა მოკლედ უნდა ახსნას შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის სათანადო და უსაფრთხო მუშაობის პრინციპი;
განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე
უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებლისა და მაფრთხილებელი სიგნალის მუშაობა;
განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ
უნდა შემოწმდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებელი და მაფრთხილებელი სიგნალი მიუთითებენ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე;
აჩვენოს, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი, არის დახურული
მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი უნდა დახუროს, ხოლო სატვირთო განყოფილების კარის ჩამკეტი ბერკეტი უნდა დააყენოს რეკომენდებულ უსაფრთხო პოზიციაზე;
აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა
მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეავსოს ჰაერის რეზერვუარები და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით შეამოწმოს, ეცემა თუ არა ჰაერის წნევა, შემოუაროს სატრანსპორტო საშუალებას და ყურადღებით მოუსმინოს ნებისმიერ ხმას, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ჰაერის გაჟონვაზე;
აჩვენოს, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლის მონაცემების აღრიცხვის მატარებელს (ანალოგური/ციფრული)
ელექტრონულ (ციფრულ) ტაქოგრაფში მუშაობის რეჟიმის დასაწყებად, ტაქოგრაფის ბარათის ჩასადებში უნდა მოთავსდეს მძღოლის ბარათი, რის შემდეგაც, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეულ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა, ხოლო დასვენების რეჟიმი უნდა შეიცვალოს სამუშაო რეჟიმით (სხვა სამუშაო, ლოდინის პერიოდი და ა.შ.). აღნიშნულის შედეგად სამუშაო დღე ტაქოგრაფში ჩაითვლება გახსნილად. საერთო სამუშაო დროის ამოწურვის ან გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ უნდა დაიხუროს სამუშაო დღე. ამ მიზნით, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს და გამოირთოს ძრავა, რის შედეგადაც, ტაქოგრაფში ავტომატურად ფიქსირდება დასვენების რეჟიმი. გარდა ამისა, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეული უნდა იქნეს სამუშაოს დასრულების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა. რამდენიმეკაციანი ეკიპაჟის (ორი ან მეტი მძღოლის) შემთხვევაში სათადარიგო მძღოლის ბარათი უნდა მოთავსდეს ტაქოგრაფში, მეორე ბარათის ჩასადებში.