გამომცდელი მოძრაობის დაწყებამდე გისვამთ 2 კითხვას/დავალებას. აქ ყველა ოფიციალური კითხვა და პასუხია კატეგორიების მიხედვით — ვიდეოს გარეშე.
ფორმატი: გამომცდელი გისვამთ 2 დავალებას/კითხვას მოძრაობის დაწყებამდე. პასუხის გაცემა შეგიძლიათ ზეპირად ან ვიზუალურად ჩვენებით.
შეცდომა: დავალების ვერშესრულება ან არასწორი პასუხი ითვლება მსუბუქ შეცდომად.
28 კითხვა
განმარტეთ უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს.
დატვირთვა თანაბრად უნდა იყოს განაწილებული სატრანსპორტო საშუალების მთელ სიგრძეზე, ისე, რომ გავლენა არ იქონიოს სატრანსპორტო საშუალების ეფექტურ მართვაზე. ნებისმიერი ტვირთი ისე უნდა იქნეს გადაზიდული, რომ საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ტვირთი უსაფრთხოდ უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს სატრანსპორტო საშუალებიდან მოხვევის ან დამუხრუჭების დროს.
განმარტეთ, როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა.
უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველა შუქამრეკლი დაყენებულია, სუფთაა და ფუნქციონირებს (არ არის გაბზარული ან გატეხილი).
განმარტეთ, როგორ მოწმდება საქარე მინისა და ფანჯრების მდგომარეობა.
საქარე მინა და ფანჯრები უნდა იყოს სუფთა, გამჭვირვალე და უდეფექტო. მათზე არ უნდა იყოს ისეთი რამ დაკრული, რაც შეზღუდავს მხედველობის არეალს.
განმარტეთ, როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთების) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საშხეფარების (ფრთების) გამართულობა მოწმდება ვიზუალურად, ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში.
განმარტეთ, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეთ მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში.
საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილობები — საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში.
განმარტეთ, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეთ პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში.
საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის ნახატის სიმაღლე არ უნდა იყოს 1,0 მმ-ზე ნაკლები „C1“ ქვეკატეგორიისა და „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში, ხოლო „D1“ ქვეკატეგორიისა და „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში — 2,0 მმ-ზე ნაკლები.
განმარტეთ, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეთ საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში.
საბურავების საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად, საბურავები უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანებისა და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები.
განმარტეთ, როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა.
მინამრეცხი უნდა მუშაობდეს და მისი ჯაგრისები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში.
განმარტეთ, როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა.
ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა დარწმუნდეთ, რომ ძარა ვარგისია ექსპლუატაციისათვის და არ აქვს მნიშვნელოვანი დეფექტები. ძარაზე არ უნდა იყოს დაუმაგრებელი ისეთი ნაწილი ან მოწყობილობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
განმარტეთ, როგორ მოწმდება ჰაერის სათანადო წნევა სამუხრუჭე სისტემაში.
უნდა დარწმუნდეთ, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი მიუთითებს ჰაერის სათანადო წნევას, შესაბამისი მაფრთხილებელი სიგნალის მაჩვენებელი ჩამქვრალია, ხოლო ხმოვანი მაფრთხილებელი სიგნალი არ გამოსცემს ხმას.
განმარტეთ, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა.
ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებულ უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის.
განმარტეთ, როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი.
ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მოშვებული ხომ არ არის თვლების რომელიმე ქანჩი და დარწმუნდეთ, რომ თვლების ქანჩების ინდიკატორები (არსებობის შემთხვევაში) არის სათანადო მდგომარეობაში.
განმარტეთ, როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა.
ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა შემოწმდეს დაკიდების სისტემა, გაცვეთის აშკარა ნიშნების ან დაზიანების არარსებობაზე.
განმარტეთ, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა.
დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში.
განმარტეთ, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა.
გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის.
განმარტეთ, როგორ მოწმდება ფარების მწყობრში ყოფნა.
სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა და ყველა გაბარიტული სინათლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი.
განმარტეთ, როგორ გამოიყენებთ მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს (სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მაგ.: პანდუსი შშმ პირებისათვის ან ტვირთის ასაწევად).
მძღოლობის კანდიდატმა მოკლედ უნდა ახსნას შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის სათანადო და უსაფრთხო მუშაობის პრინციპი.
განმარტეთ, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა.
სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმართულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ხოლო საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე.
განმარტეთ, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა.
სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა.
განმარტეთ, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე.
მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია.
განმარტეთ, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე.
უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებლისა და მაფრთხილებელი სიგნალის მუშაობა.
განმარტეთ, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ.
უნდა შემოწმდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებელი და მაფრთხილებელი სიგნალი მიუთითებენ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე.
აჩვენეთ, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი.
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში ფიზიკურად უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარის მდებარეობა.
აჩვენეთ, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი, არის დახურული.
მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი უნდა დახუროს, ხოლო სატვირთო განყოფილების კარის ჩამკეტი ბერკეტი უნდა დააყენოს რეკომენდებულ უსაფრთხო პოზიციაზე.
აჩვენეთ, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა.
მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეავსოს ჰაერის რეზერვუარები და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით შეამოწმოს, ეცემა თუ არა ჰაერის წნევა, შემოუაროს სატრანსპორტო საშუალებას და ყურადღებით მოუსმინოს ნებისმიერ ხმას, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ჰაერის გაჟონვაზე.
აჩვენეთ, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე.
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში ფიზიკურად უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი.
აჩვენეთ, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლით მონაცემების აღრიცხვის მატარებელს (ანალოგური/ციფრული).
ელექტრონულ (ციფრულ) ტაქოგრაფში მუშაობის რეჟიმის დასაწყებად, ტაქოგრაფის ბარათის ჩასადებში უნდა მოთავსდეს მძღოლის ბარათი, რის შემდეგაც, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეულ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა, ხოლო დასვენების რეჟიმი უნდა შეიცვალოს სამუშაო რეჟიმით (სხვა სამუშაო, ლოდინის პერიოდი და ა.შ.). აღნიშნულის შედეგად სამუშაო დღე ტაქოგრაფში ჩაითვლება გახსნილად. საერთო სამუშაო დროის ამოწურვის ან გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ უნდა დაიხუროს სამუშაო დღე. ამ მიზნით, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს და გამოირთოს ძრავა, რის შედეგადაც, ტაქოგრაფში ავტომატურად ფიქსირდება დასვენების რეჟიმი. გარდა ამისა, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეული უნდა იქნეს სამუშაოს დასრულების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა. რამდენიმეკაციანი ეკიპაჟის (ორი ან მეტი მძღოლის) შემთხვევაში სათადარიგო მძღოლის ბარათი უნდა მოთავსდეს ტაქოგრაფში, მეორე ბარათის ჩასადებში.
აჩვენეთ, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე.
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში ფიზიკურად უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური.