გამომცდელი მოძრაობის დაწყებამდე გისვამთ 2 კითხვას/დავალებას. აქ ყველა ოფიციალური კითხვა და პასუხია კატეგორიების მიხედვით — ვიდეოს გარეშე.
ფორმატი: გამომცდელი გისვამთ 2 დავალებას/კითხვას მოძრაობის დაწყებამდე. პასუხის გაცემა შეგიძლიათ ზეპირად ან ვიზუალურად ჩვენებით.
შეცდომა: დავალების ვერშესრულება ან არასწორი პასუხი ითვლება მსუბუქ შეცდომად.
8 კითხვა
განმარტეთ, როგორ უნდა დაიტვირთოს და დამაგრდეს ტვირთი უსაფრთხოდ მისაბმელზე.
დატვირთვა მისაბმელზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მძიმე ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად დაბლა იმისათვის, რომ ის მაქსიმალურად იყოს განლაგებული ღერძ(ებ)ის ზემოდან. შედარებით მსუბუქი და მოცულობითი ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ დატვირთვა მისაბმელ მოწყობილობაზე არ აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის სპეციფიკაციას. ტვირთი მისაბმელზე უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს მისაბმელიდან მოხვევის ან დამუხრუჭების დროს.
განმარტეთ, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეთ პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში.
საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის ნახატის სიმაღლე (მათ შორის, მისაბმელის საბურავის) არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები.
განმარტეთ, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეთ საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში.
საბურავების საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად საბურავები უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები.
განმარტეთ, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა.
გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის.
განმარტეთ, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა.
ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს.
აჩვენეთ, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა.
მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში.
აჩვენეთ, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე.
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი.
აჩვენეთ, როგორ მოწმდება, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის კარი სანდოდ და უსაფრთხოდ დაკეტილი.
მძღოლობის კანდიდატმა ფიზიკური შემოწმება უნდა განახორციელოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ავტომობილისა და მისაბმელის ყველა კარი დაკეტილია და ავტომობილის შიდა სანათ(ებ)ი გამორთულია.